ჟურნალმა Economist დაითვალა უკრაინის დანაკარგები ომის გამო, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოიწვია სეროიზული შედეგები.
ერთ–ერთი შეფასებით, რომელიც გამოცემას მოჰყავს, რუსეთთან გაჭიანურებული კონფლიქტი უკრაინას 280 მილიარდი დოლარი დაუჯდა 2014–დან 2020 წლის ჩათვლით. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის ზარალი, როცა აშშ დაჟინებით ამტკიცებდა გარდაუვალი რუსული ფართომაშტაბიანი შეჭრის შესახებ, არა მხოლოდ ფულით იზომება, არამედ ჩაშლილი პროექტებით და დაკარგული პერსპეტივებით.
კიევის ეკონომიკის სკოლის ეკონომიკური მოდელირება აჩვენებს, რომ ომის მაღალი საფრთხის არსებობისას ქვეყნის მშპ 5%–ზე მეტით მცირდება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პირველი გასროლა მოხდება.
მოსალოდნელი აპოკალიფსის ატმოსფერო ბუნებრივ გავლენას ახდენს უცხოურ ინვესტიციებზე. უცხოური და ადგილობრივი კაპიტალი უკრაინიდან გარბის: პრეზიდენტმა ზელენსკიმ იანვრის ბოლოს გააცხადა, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 12.5 მილიარდი დოლარი გავიდა.
დაზარალდა ვაჭრობა, რადგან უკრაინის ექსპორტის 3/5 შავ ზღვაზე მოდის, სადაც გემების დაზღვევის ღირებულება გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლონდონის საკვანძო სადაზღვევო კომპანიებმა ეს რაიონები მაღალი რისკის ზონად გამოაცხადეს.
როცა ევროპულმა სადაზღვევო კომპანიებმა უკრაინის რეისების დაზღვევა შეწყვიტეს, ხელისუფლებას დარგში 16.6 მილიარდი გრივნის (580 მილიონი დოლარი) ჩადება მოუწია იმისათვის, რომ თვითმფრინავებს ფრენა არ შეეწყვიტათ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მონაცემებით ქვეყანას ამჟამინდელი კრიზისი თვეში 2–3 მილიარდი დოლარი უჯდება, ამას ემატება 1.2–2 მილიარდი დოლარი გაუფასურებული გრივნის გამო.
ფინანსური დანაკარგები შეჭრის საფრთხის გამო იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი უკრაინელი სვამს კითხვას: ხომ არ იყო ეს ხმაური სწორედ იმისთვის განკუთვნილი, რომ უბრალოდ უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა მიეყენებინათ.
რაც უფრო ჭიანურდება კრიზისი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები. კონტრაქტები და ინვესტიციები, რომლებიც ახლა შეჩერებულია, სამუდამოდ ჩაიშლება. კომპანიების თანამშრომლები მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო ვეღარ შეძლებენ ძველებურად ეფექტურად იმუშაონ. შიდა მოთხოვნა შემცირდება, რადგან მოქალაქეები მომავალის შიშით ფულის დაგროვებას დაიწყებენ.
დაძაბულობა, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, თუნდაც შემსუბუქდეს, უკრაინამ უკვე გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი.
თუმცა, Economist-ის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამინდელი დაპირისპირების ფასი მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინას რეალური ომის დაწყება დაუჯდება.