ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსჯელობა გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
“ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტების მუშაობის შეჩერება ან მათი საათების რეგულირება. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი.
შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა. მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო”,- თქვა ცქტიშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს 3 პაკეტი წარუდგინა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაკეტი, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ეს პაკეტები.
“სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენად არის დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ა.შ. ამას ვანიჭებთ უპირატესობას”, – თქვა ტიკარაძემ.
მიუხედავად მოსალოდნელი შეზღუდვებისა, მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს არა ლოქდაუნი, არამედ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.