რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი, ზელენსკის აზრით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი არა მაშინ, როდესაც ის კუთხეშია მიმწყვდეული, არამედ იმ შემთხვევაში, თუ დაუსჯელობასა და უპირატესობას იგრძნობს. ამის შესახებ მან, Pravda-ს ცნობით, ინდურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“რუსეთის ფედერაციის მიერ გარკვეული ადამიანების მოწამვლა მუდმივად იმ მომენტში ხდებოდა, როდესაც გრძნობდნენ მეორე მხარის სისუსტეს, საკუთარ თავში ეჭვს. რუსეთი დასავლური სახელმწიფების ბიუროკრატიითა და ზოგჯერ სისუსტის შემთხვევაში იყენებდა ამა თუ იმ იარაღს.

მაშასადამე, ნებისმიერი იარაღის გამოყენება, და ბირთვული არ არის გამონაკლისი, არ მოხდება იმიტომ, რომ ვიღაც დადგება უკრაინის მხარდასაჭერად, ან იმიტომ რომ შეგვიყვანს ნატოში, ან მოგვცემს თვითმფრინავებსა და ტანკებს.

რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა თავს უპირატესად გრძნობს. სწორედ უპირატესობაა [მიზეზი] და არა ის, რასაც მსოფლიო დიპლომატია ამბობს: “თუ ისინი კუთხეში მოემწყვდევიან“,– განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთი ატომურ იარაღს არ გამოიყენებს – ეს ძალაუფლებისა და სიცოცხლის დაკარგვის შიშია.

„მეორე, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ ხალხს და ამ ხელმძღვანელობას და მთელ რუსეთის ფედერაციას სურს სიცოცხლე. მათ უყვართ სიცოცხლე, მართავენ სახელმწიფოს და არ სურთ ძალაუფლების დათმობა. მათ არ სურთ საკუთარი სიცოცხლის, ძალაუფლებისა და  მოსახლეობის ნდობის დაკარგვა. ატომური იარაღის გამოყენება გამოიწვევს ზუსტად იმას, რომ ისინი ყველაფერს დაკარგავენ. ამიტომ მე ამის არ მჯერა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.