“ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ.
“პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ, გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის არამედ, 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური შეთანხმებისთვის და დიალოგისთვის იმას, თუ ვის ესაუბრები, რამდენად პასუხისმგებელია მეორე მხარე და რამდენად ასრულებს ის ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ან შეიძლება აიღოს მომავალში პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.