“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ, მთავარი არხის ეთერში გასაჯაროებული ჩანაწერი მის საუბარს ასახავს.
გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ იურისტთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს შესაბამისად იმოქმედოს.
“მე შემიძლია გითხრათ ის, რომ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არის ჩემი საუბარი, დანამდვილებით ვიცი ვინ იყო ჩემი თანამოსაუბრე და ვესაუბრე გუშინ და მანაც გაიხსენა, რომ ამ თემაზე გვისაუბრია და აღიდგინა ზუსტად ეს საუბარი. ეჭვი მაქვს დიდი, რომ უკანონოდ ხდებოდა ჩემი მოსმენა და ჩაწერა. თეორიულად არსებობს შანსი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გვისმენდნენ, თუმცა მაინც მგონია, რომ უკანონოდ იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული. ვაპირებ, რომ იურისტთან დეტალური კონსულტაცია გავიარო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ან სასამართლოს, ან ორივეს ერთად სამართლებრივად რისი გაკეთებაც შეიძლება მივმართო და გავაკეთოთ”, – ამბობს ის.