ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ პასუხისმგებლობა ეკლესიაზე და სასულიერო პირებზეა, ამიტომ მათ ეს პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დააკისრონ.
,,პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ, პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ გადაწყვეტილებაზე, რაც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ, რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, როცა ამ წუთას მრევლს ჩვენ არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები რა იქნება”, — განაცხადა მეუფე საბამ.
მისივე თქმით, სასულიერო პირთა მოწოდებები, რომ ეკლესიაში არმისვლა რწმენის ღალატია, უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობაა.
მეუფის განმარტებით, მრევლისთვის ეკლესიას უნდა ეთქვა, რომ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ვირუსთან ბრძოლის მეთოდებს გვეუბნებიან მედიცინის მუშაკები და სახელმწიფო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მათ გაავრცელეს ხმა, რომ თითქოს მართლმადიდებლების დევნა იწყება, მრევლმა კი ეს სხვანაირად აღიქვა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება – დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.