რამ გამოიწვია და რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთ ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს კიდევ ერთი მოჰყვა – თურქეთის პროვინციის კაჰრამანმარაშის მიდამოში. მას შემდეგ ასობით ბიძგები დაფიქსირდა. რა შეიძლება ითქვას ამ მიწისძვრის სიძლიერესა და მის გამომწვევ მიზეზებზე სამეცნიერო თვალსაზრისით და რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი.

გაზიანთეპის რეგიონში მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდად შეფასდა, რაც   მაგნიტუდის  შკალით დამანგრეველი მაშტაბის  მიწისძვრად ითვლება. მისი ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან არცთუ დიდ სიღრმეზე, – მიწისქვეშ დაახლოებით 18 კმ–ში იყო , რამაც ზედაპირზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მაგნიტუდის მხოლოდ ორი მიწისძვრა იყო და კიდევ ოთხი წინა ათწლეულის განმავლობაში“, განმარტავს პროფესორი ჯოანა ფორ უოლკერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რისკისა და კატასტროფების შემცირების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

თუმცა, დარტყმების ძალა არ არის განადგურების სიდიდის ერთადერთი მიზეზი. ამ შემთხვევაში ეს მოხდა გვიან ღამით, როცა ხალხს ეძინა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შენობების სიძლიერე, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ.


პორტსმუთის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიისა და რისკის კომუნიკაციის სპეციალისტის, დოქტორ კარმენ სოლანას თქმით, პირველი ბიძგების შემდეგ მეორე დღე გადამწყვეტია ადამიანების გადასარჩენად.

“ინფრასტრუქტურის მდგრადობა, სამწუხაროდ, დაბალია სამხრეთ თურქეთში და განსაკუთრებით სირიაში, ამიტომ სიცოცხლის გადარჩენა ახლა ძირითადად რეაგირებაზეა დამოკიდებული. მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია გადარჩენილების მოსაძებნად – 48 საათის შემდეგ გადარჩენილთა რიცხვი მკვეთრად იკლებს”, – განმარტავს სოლანა.

ამ რეგიონს ძლიერი მიწისძვრები ბოლო 200 წლის განმავლობაში არ განუცდია, ამიტომ მზადყოფნის დონე უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც  რეგულარულ ბიძგებს უფრო მიჩვეულნი არიან.


რამ გამოიწვია მიწისძვრა?

დედამიწის ქერქი  ტექტონიკური ფილებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან მიბჯენილი. ხშირად ფილები  გადაადგილებას ცდილობენ, მაგრამ გადაადგილებას მომიჯნავე  ფილასთან ხახუნი უშლის ხელს.  ზოგჯერ წნევა მატულობს იქამდე, სანამ  ფილა ადგილიდან დაძვრას  არ შეძლებს, რაც შედეგად ზედაპირზე მოძრაობს იწვევს.

ამ შემთხვევაში, ჩრდილოეთით მოძრავი არაბული ტექტონიკური ფილა ამოქმედდა და  ანატოლიის ფილას შეეჯახა.

ამ ფილების ხახუნი წარსულშიც იყო დამანგრეველი მიწისძვრების მიზეზი. 1822 წლის 13 აგვისტოს მან გამოიწვია 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ორშაბათს დაფიქსირებულ 7,8 მაგნიტუდაზე.

თუმცა, მე-19 საუკუნის მიწისძვრამ მასიური ზიანი მიაყენა ტერიტორიის ქალაქებს, მხოლოდ ქალაქ ალეპოში 7000 ადამიანი დაიღუპა. დამანგრეველი ბიძგები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ამჟამინდელი მიწისძვრის შემდეგ უკვე მოხდა რამდენიმე შემდგომი ბიძგი და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც ტენდენცია იგივე იქნება, რაც  რეგიონის წინა ძლიერი მიწისძვრის დროს იყო.

როგორ იზომება მიწისძვრები

მიწისძვრები იზომება სკალით რომელსაც  მაგნიტუდის სკალა, ან რიხტერის სკალა, ეწოდება, ამერიკელი სეისმოლოგის ჩარლზ რიხტერის პატივსაცემად, რომელმაც თავდაპირველად სკალა მოიგონა.

ასე რომ, ამ სკალის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად საშიში ბიძგები – 2,5 ბალამდე – ჩვეულებრივ არ იგრძნობა და მათი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი.

5 ბალამდე დარტყმა უკვე იგრძნობა და მცირე ზიანის მიყენება შეუძლია.

თურქეთის ამჟამინდელი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მიეკუთვნება დამანგრეველთა კატეგორიას და სერიოზულ ზიანს აყენებს შენობებს მიწის  ზედაპირზე.

8-ზე მეტი ბიძგები  კატასტროფულ მიწისძვრად ითვლება, რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ეპიცენტრის რაიონი.

ასე იყო 2011 წლის მარტში, როცა იაპონიის სანაპიროზე 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია ხმელეთზე მაშტაბური ნგრევა და გიგანტური ცუნამის სერია გამოიწვია , რომელთაგან ერთ-ერთმა კატასტროფა გამოიწვია იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე Fukushima-1.

ყველაზე ძლიერი 9,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში 1960 წელს.