“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელ საფრთხეებზე პრაიდის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ. ის იმეორებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ პრაიდის უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას”.
“ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს დღეს პრემიერმინისტრმა.
ფაქტია, რომ პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. ის რაც დღე ხდება თბილისში არის მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი ნაციონალური მოძრაობის და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში”,– ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, კონტრაქციის მართვა რთული იყო მასში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გამო.
“რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი ემართა? თქვენ გახსოვთ, 1000 კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა რეაგირება. ბუნებრივია, მასაზე როცა არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება”,– აღნიშნა კობახიძე.