“რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ–ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ“–ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გავრამიამ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა ის საქმე, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, გვარამიამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა კაცი კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.ფორმალურად მისი დაკავების მიზეზი ყალბი დოკუმენტების შენახვა –შეძენა გახდა. გვარამია ამბობს, რომ მკვლელობის შეკვეთის მიზეზი  გიორგი გაბუნიას მიერ წარსულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება გახდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების მხრიდან.

“ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი გვიტევს არ არის გასაკვირი. ეს ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დაიწყო.

გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში მართალია კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში არა ფორმით, არამედ შინაარსით.

გახსოვთ ალბათ მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა და გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა.

ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები საქართველოს მთავრობის  წევრების მხრიდან.ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დევნა რუსთავი ორზე – მაშინდელ შემადგენლობას ვგულისხმობ. დევნა იმავე დღეებში, აქციებს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან დევნა, სამწუხაროდ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.

დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა და მედიაში ამან გაჟონა, ვალდებული ვართ რომ ეს განვაცხადოთ საჯაროდ:

კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არა მხოლოდ.

ჩვენი წყაროს ცნობით კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ გავაძლიერეთ მისი დაცვა. ვიცოდით, რომ მას უთვალთვალებდნენ, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყველას გვითვალთვალებს.

უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი როცა საქმე ეხება რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებას და შესაძლებელი იყო ინფორმაციის გაჟონვა. როცა კორონავირუსის სიტუაცია გართულდა, საქმე გადმოეგზავნა ქართველ სამართალდამცავებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად, ამის მიუხედავად გააძლიერა მაინც კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია. ჩვენ ესეც შევამჩნიეთ.

საბოლოო ჯამში დაკავებულ იქნა ეს მოქალაქე ამ წინაპირობით, მაგრამ სხვა მიზეზით.

ეს გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა ემოციურად რთულია ამის გაცნობიერება, რომ რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ  ამ დროისთვის სამყაროს ნომერ პირველი ტერორისტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის, კადიროვის შეკვეთით.

მთავარი რაც მინდა განვაცხადო: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

მეორე: მოვუწოდებ ქართველ სამართალდამცავებსაც, უკრაინელ სამართალდამცავებსაც მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის და მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგენენ გასაჯაროვების საკითხს, იმიტომ რომ ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე  სპეცსამსახურების.

ამ ტელევიზიამ ყველა მტერი ყველა ჯერზე დაამარცხა საჯაროობით, გამჭვირვალობით და გამბედაობით. მოვუწოდებთ ჩვენს სპეცსამსახურებს და უკრაინულსაც მაქსიმალური ინფორმაცია, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ.

ამაშია არა მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის, არამედ ცივილიზაციური სამყაროს ინტერესი. იმიტომ რომ გიორგი გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობაზე გაიარა დღეს ხაზმა ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელეთს შორის.

კვლავ: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ ტელევიზიის, ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის და დემკრატიის მთავარი მამოძრავებლის ნებისმიერ თანამშრომელს, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი – საქართველოს ხელისუფლების უპირველესი მოკავშირე რუსეთის მხრიდან თუ სხვა რომელიმე ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან.“– განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.