რას გააკეთებს უკრაინა, თუ მარიუპოლის მცველები განადგურდებიან – არესტოვიჩის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, თუ მარიუპოლის მცველები დაიღუპებიან, მაშინ უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიაზე გადავა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

“მაშინ დაიწყება სრულიად განსხვავებული პერიოდი – უკრაინა უკარნახებს [რუსეთს] პირობებს და იბრძოლებს მანამ, სანამ ჩვენს მიწაზე უკანასკნელი რუსი ნაძირალა არ მოკვდება. მათ არაფერი აქვთ საპასუხოდ, აქვთ კრიზისი და საშინელი პოლიტიკური კატასტროფა, მათ არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, უპირველეს ყოვლისა, “შიდა ბაზარზე“ და სულ ეს არის. ეს არის უკრაინის გამარჯვება რეალურად“,– თქვა არესტოვიჩმა 24-ე არხის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლისთვის ბევრი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან თავდასხმა უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა.

ცნობისთვის, დღეს მარიუპოლის მცველებმა დანებებაზე უარი თქვეს და ქალაქისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ულტიმატუმის უარყოფის გამო რუსეთი მათ დახოცვით ემუქრება.