პროდასავლურ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტის ზვიად ცეცხლაძის წერილი ოპოზიციას, რომელსაც „დაფიონი” ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტალონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა… ვხედავთ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. […]
როგორც მოქალაქეს, მე მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა – შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?
ქუჩაში გამოსული, როდესაც ვითხოვდი მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად წარმომედგინა კოალიციური მთავრობა, მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო. (ამ უკანასკნელში კი მძიმედ შევცდი). მაშინ, როდესაც მთლიანი ოპოზიციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს – ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.
ამ ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივი მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღის თაობაზე ჩხუბობენ – ჩემთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვას ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ.
მიპასუხეთ ერთ კითხვაზე – ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?
ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?”,