სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ ხელი უნდა მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტსაც.
“ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს მოაწერენ ხელს ამ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ეს ერთ თვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა, მგონი, უნდა დასრულდეს, ამიტომ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.
შედიხარ და დოკუმენტს ხელს არ აწერ ანუ რა – იმ რეფორმების რეალიზებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ თუ რას ნიშნავს ეს? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოა, ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური ძალები ვართ და თუ იღებ გადაწყვეტილებას სრულფასოვნად უნდა მიიღო და არა სანახევროდ,“- განაცხადა ვაშაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე დაიწყება, რომელზეც პარტია გადაწყვეტს, შევლენ თუ არა პარლამენტში. ენმ-ს ლიდერების ნაწილი ფიქრობს, რომ პარტია პარლამენტში მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე უნდა შევიდეს.