რას ყვება ყოფილი მიმტანი, რომელსაც ბერა ივანიშვილი და სუს-ის წარმომადგენლები Facebook სტატუსის გამო ემუქრებოდნენ

ყოფილი მიმტანი და ჟურნალისტი, ტატო ცეცხლაძე ტელეკომპანია “ფორმულასთან”საუბარში ყვება , რომ ბერა ივანიშვილზე სტატუსის დაწერის გამო, მას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პირადად ბერა ივანიშვილი ემუქრებოდნენ. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა რომ ტატო ცეცხლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“როდესაც მე დავწერე Facebook-ზე სტატუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ბერა ივანიშვილმა რესტორანში არ დატოვა tip (ფულადი საჩუქარი, ე.წ. ჩაი), ამის შემდეგ რესტორნის მფლობელს დაუკავშირდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ბიზნესს შეექმნებოდა პრობლემა, თუკი მე არ წავშლიდი სასწრაფოდ Facebook-ზე სტატუსს. ამის შემდეგ რესტორნის ტერიტორიაზე მოვიდა უშიშროების სამსახურის რამდენიმე უნომრო მანქანა და მთხოვეს, სასწრაფოდ წამეშალა სტატუსი. რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა ბერა ივანიშვილი და რესტორნის მფლობელმა გადმომცა ტელეფონი. მე დაველაპარაკე ბერა ივანიშვილს. არ მინდა საჯაროდ ვთქვა ის სიტყვები, რომელიც მან მიწოდა მე იმიტომ, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩემთან მიმართებაში. მითხრა, რომ თუ კი მე ვეცდებოდი, რომ მილიონერის შვილთან გამეკეთებინა ფული, არაფერი არ გამომივიდოდა და უმჯობესი იყო, რომ წამეშალა სტატუსები. მიწოდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის გადმონაშთი.

რამდენიმე დღის მანძილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მოდიოდნენ უშიშროების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაში სჭირდება ადამიანი მიმტანად, რომელიც საჯაროდ წერდა კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ ეგეთ ამბავს.  ამ ამბიდან მაქსიმუმ 2 კვირის მანძილზე მე სამუშაოდან გამომიშვეს. დღესდღეობით ვცხოვრობ ამერიკაში”- ამბობს ის.