ისრაელის სამხედრო ექსპერტმა დევიდ გენდელმანმა BBC-ისთვის კომენტარი გააკეთა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გარემოებებზე.
– რატომ აღმოჩნდა ჰამასის თავდასხმა მოულოდნელი?
–ისრაელის დაზვერვის შეფასება იყო, რომ ესკალაცია ახლა წამგებიანია ჰამასისთვის, ბოლო კვირების დაძაბულობის შემდეგ, ღაზაელებს მიეცათ ისრაელში მუშაობის მეტი ნებართვა, ყატარის ფულის კიდევ ერთი ტრანში შევიდა ღაზაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ [ვარაუდობდნენ, რომ] მათი ამჟამინდელი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ახლა აღარ იბრძოლებენ და მათი წვრთნები მხოლოდ სეზონური სწავლებებია, როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა.
არც დაზვერვას გამოუვლენია, რომ უშუალოდ ოპერაცია მზადდებოდა.ამიტომ არმია მოდუნდა, საზღვარზე საბრძოლო მზადყოფნა არ იყო, ჰამასმა შეტევაში სრულ მოულოდნელობას მიაღწია და შესაბამისად, მათთვისაც კი მოულოდნელ წარმატებებს მიაღწია.
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ განზრახვების შეფასებამ სრულად არ უნდა ჩაანაცვლოს შესაძლებლობების შეფასება და რომ მტრის სავარაუდო ქმედებების მორგება იმ კონცეფციაზე, რაც, ჩვენი აზრით, მისთვის ხელსაყრელი ან არახელსაყრელია, იწვევს კატასტროფულ შედეგებს.
– რას გააკეთებს ისრაელი ამის შემდეგ?
ამ დროისთვის, გამოცხადებული ოპერაცია “რკინის ხმლები“ კონცენტრირებულია ისრაელის დასახლებული ტერიტორიების სრულ გაწმენდაზე ჯერ კიდევ იქ დარჩენილი ჰამასის ბოევიკებისგან და საჰაერო თავდასხმებზე ღაზას სექტორზე.
პარალელურად მიმდინარეობს რეზერვების მობილიზება და სახმელეთო ძალების გადასროლა საზღვრისკენ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების მიზნით.
— ჰამასმა დიდი რაოდენობით მძევლები აიყვანა. როგორ მოაგვარებს ისრაელი ამ პრობლემას?
ისრაელის მხრიდან მსხვერპლის დიდი რაოდენობა და ჰამასის მხრიდან “ჩვეულებრივი” ესკალაციის ნიშნულის მკვეთრი მატება მოითხოვს ისრაელის უფრო მძლავრ პასუხს და ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, განსხვავებით წარსული წმინდა “საჰაერო” რაუნდებისგან.
ღაზაში დატყვევებული ისრაელელების დიდი რაოდენობის საკითხი ამ შემთხვევაში დიალექტიკურია: ერთის მხრივ, ეს ასევე ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ართულებს მის განხორციელებას, შეიძლება ტყვეები დაზარალდნენ.
ყველა ამ ფაქტორს მთავრობა ითვალისწინებს ოპერაციის რკინის ხმლების შემდგომი განვითარებისას.