რუსმა ოკუპანტებმა საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი აიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,რუსეთს არ აწყობს მარიუპოლის მცველების წამება, რადგან ისინი „საჯარო ტყვეები“ გახდნენ.
ასევე ზელენსკი აღნიშნავს, რომ მარიუპოლის მცველების გათავისუფლებაზე, რომლებიც რუსი ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს.
“შექმნილია სპეციალური გაერთიანებული ორგანო, რომელიც დაკავებულია სამხედროების გათავისუფლებით. აზოველები სამწუხაროდ არიან რუსეთის ფედერაციის ხელში. ჩვენ ვიცით რუსეთთან შეთანხმების ფასი. ჩვენ ვიცით, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. დაზვერვამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი და დადოს შედეგი. შედეგი ერთადერთია – ადამიანების სახლში დაბრუნება. დაზვერვას პირველ რიგში ევალებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და მათი აზოვსტალიდან გაყვანა. მიმაჩნია, რომ მათ ეს დავალება შეასრულეს. ახლა დავალებას აქვს მეორე ნაწილი – ამ ადამიანების სახლში დაბრუნება. საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, პირადად ვენდობი. ველოდებით შედეგს. გვჯერა, რომ ამ დავალების შესრულებას შეძლებენ”, – თქვა ზელენსკიმ.