რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” შეხვედრას – მდინარაძის განმარტება

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ოცნებამ ხელი უკვე მოაწერა.

“იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი”,– თქვა მდინარაძემ იმედთან საუბრისას.

მისი განმარტებით, შეხვედრას იმიტომ არ დაესწრნენ, რომ მედიატორებს სალაპარაკო ოპოზიციასთან ჰქონდა.

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.