პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ უარყოფს გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობამ უარი თქვა ლატვიისგან 50 ათასი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინის ჩუქებაზე.
პრემიერის თქმით, ასტრაზენეკა ნაკლებად მოთხოვნადი ვაქცინაა, მთავრობას კი უფლება აქვს, ის ვაქცინა შემოიტანოს, რომელიც მოსახლეობას უნდა.
“რატომ არის ეგ საინტერესო და პრობლემური? ამიხსენით. მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინა. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. ფაიზერი დღეის მდგომარეობით მილიონი გვაქვს, სინოვაკი, რომელიც იდენტურია სინოფარმის, კიდევ ერთი მილიონი სინოფარმი გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ 2 მილიონ ფაიზერზე. ასტრაზენეკა ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობისთვის.
ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაგ დროს გვეთქვა უარი, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, ჩვენ მოსახლეობას რაც უნდა, ის ვაქცინები შემოვიტანოთ”,– ამბობს ღარიბაშვილი.
ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ვიზიტზე უარის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიას 50 ათასი დოზა ასტრაზენეკას ჩუქებაზე უარი უთხრა.