რატომ ვერ გადაიხდის ნიკა მელიას გირაოს მესამე პირი – ადვოკატის განმარტება

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, რატომ არის შეუძლებელი მესამე პირის მიერ მელიას გირაოს თანხის გადახდა.

“მოგეხსენებათ, სასამართლოს განჩინებაში არის მითითებული მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ანგარიში, ამის გარდა, როდესაც ხდება გირაოს გადახდა, პროკურატურა აძლევს ბრალდებულს ან მის ადვოკატს რეკვიზიტებს. აქ არის რეკვიზიტები, რომელიც დაუშვებელია, მოხვედეს მესამე პირის ხელში. აქ არის პირადი ნომერი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ნომერი, გადახდის ნომერი, ასევე, პროგრამის მიერ გამომუშავებული იდენტიფიკატორი, ანუ უნიკალური კოდი. შეუძლებელია, თუკი პროკურატურა ჩვენს გარეშე აღნიშნულ ინფორმაციას არ მიაწოდებს მესამე პირს, რომ რომელიმე საბანკო დაწესებულებამ მოახდინოს გირაოს გადახდა. შეუძლებელია გირაოს ან გადარიცხვა, ან შეტანა, აღნიშნული რეკვიზიტების გარეშე”,– ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, თუ გირაოს თანხა დაიფარება, ეს ხელისუფლების მანიპულაცია იქნება.

“თუკი დღეს საღამოს ან ხვალ აღმოჩნდება, რომ თურმე ვიღაცა პირს გადაუხდია ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაოს თანხა, ეს იქნება მანიპულაცია ხელისუფლებიდან, ეს იქნება მათ მიერ მოძებნილი გამოსავალი იმ ლაბირინთიდან, რომელიც შექმნეს”,– აღნიშნა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ხვალ ეწურა, შემდეგ კი, პროკურატურის განცხადებით, მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობის პატიმრობით შეცვლის მოთოხვნით. ენმ–ს თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ვერ დაიჭერენ.