გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით კარგი პრეპარატია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ექიმების მიერ პრეპარატის მუდმივი კრიტიკისა, ცერცვაძემ პირადადაც გამოიყენა რემდესივირი, როცა კორონავირუსით იყო ინფიცირებული. გუშინ კი განაცხადა, რომ რემდესივირის გარეშე ვერ გადარჩებოდა. თამარ ჟამუტაშვილი მის განცხადებებს ეხმაურება:
“რემდესივირი ხდება შემოდგომის პლაქვენილი საქართველოში!
კვლევებმა რემდესივირის ეფექტურობა ვერ დაადასტურა. კვლევის შედეგებით, რომელზეც ბევრი დაიწერა და აქ აღარ შევჩერდები, ამ პრეპარატს ან საერთოდ არანაირი ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა დაავადების მიმდინარეობაზე. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩვენს კლინიკაში რემდსივირი ამოღებულია სქემიდან და უკვე კვირეებია აღარ ინიშნება. იმისთვის, რომ ყველამ კარგად გაიაზროს ამ ინფორმაციის მნიშვნელობა დავწერ, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე მე-7 წელია არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის საუკეთესო კლინიკებს შორის პირველ ადგილზეა. კონკრეტულად ჩვენი განყოფილება შარიტეში: პულმონოლოგია და ინფექციოლოგია ბერლინის (ბერლინს 3,7 მილიონი მოსახლეობა ჰყავს) პირველი კოვიდ-მიმღები დეპარტამენტია და ვიმეორებ, ამ კლინიკაში კოვიდ-პაციენტებს რემდესივირით აღარ ვმკურნალობთ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რემდესივირი თურმე „მხოლოდ“ 400 000 ჯდება. ამ თანხით შემოტანილი რემდესივირის რაოდენობა რამდენ ადამიანს ეყოფა, ამაზე ითქვა რამე? ერთი ადამიანისთვის საჭირო დოზა, სრული კურსი 2 000 ევრო ჯდება (აქაური ინფორმაციით) ანუ ამ 400 000ში მხოლოდ 200 ადამიანი მოიაზრება. პრინციპში, აწი შეიძლება უფრო ნაკლებიც დაჯდეს, რადგან წამყვანი ქვეყნები და კლინიკები აღარ იყენებენ.
ეხლა ყველაზე მთავარი საიკითხი. ერთი High Flow-აპარატი (აპარატი, რომელიც ჟანგბადს მაღალი წნევით მიაწვდის პაციენტს) იცით რა ღირს? ეს ის აპარატია, რომელიც ბევრ პაციენტს ინტუბაციას და მართვით სუნთქვაზე გადაყვანას აარიდებდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა უმრავლესობა, სავარაუდოდ 90%მდე თუ მეტი არა, საქართველოში დაიღუპა. ხომ მიხვდით ამ აპარატის მნიშვნელობას?! ეს ის აპარატია, რომელსაც ყველა, ვისაც ინტენსიურ მედიცინაში რამე გაეგება, მარტის მერე იხვეწება საქართველოში. ერთი HighFlow-ს აპარტი, ყველა თავისი ზონდით და ნიღბით 2000 ევრო ღირს მაქსიმუმ და თუ ბევრს ერთად შეუკვეთავ, სავარაუდოდ ნაკლებიც.
• კითხვა: რატომ ვყრით (!) 400 000 ევროს მედიკამენტში, რომელსაც წამყვანი კლინიკები აღარ იყენებენ, როცა ამ თანხით იმდენი HighFlow-ს აპარატი მოგვივიდოდა, რომ საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით? ინტენსიურის 10 საწოლზე ერთი აპარატი ლუქსუსია.
სანამ ვინმე არგუმენტად დამიწერს რემდესივირმა ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე გამოაჯანმრთელაო, აქვე გიპასუხებთ.
არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ იძულებული ვარ!!
ბ-ნი თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, რომელიც დღე და ღამეს კოვიდ-პაციენტებთან ატარებს, უბრალოდ მისტერიულია. სხვა მცნება ამ ფაქტს არ შეესაბამება. 72 წლის ადამიანი, ლიმფომის დიაგნოზით (დიაგნოზი საკუთარი სურვილით გასაჯაროვდა. თავიდან ვერც მივხვდი, როტომ დაიდო მეორე დღესვე დიაგნოზების სია სოც-ქსელში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა), ინფიცირდება SARS-CoV2 ვირუსით და დაავადება არა მარტო რთული იმუნური ფაზის გარეშე მიმდინარეობს, არამედ ჟანგბადზე დამოკიდებულსაც კი არ ხდის, თუნდაც პირველი 3-4კვირის განმავლობაში… მერწმუნეთ, ამას წილხვედრის გარდა ვერავინ და ვერაფერი მოახერხებდა რემდესივირი კი არა! გილოცავთ ბ-ნო თენგიზ, ეს განსაკუთრებული ხვედრია!
თუმცა, უნდა ვაღიაროთ და რემდესივირის რეკლამას უკუეფექტი უფრო აქვს. წესით გემის კაპიტანი ჩაძირულ გემს პირველი არასოდეს ტოვებს, თუნდაც ნაცნობების დაჟინებული მოთხოვნით.
ყველა იმ ადამიანს, ვინც ოჯახის წევრი, ახლობელი, კოლეგა ან თუნდაც უბრალოდ ნაცნობი დაკარგა, მინდა ვუთხრა სრული პასუხისმგებლობით (!) რემდესივირი თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ვერ გადაგირჩენდათ. ეს არ არის, ის მედიკამენტი, რომელიც მათ სიცოცხლეს აჩუქებდა. ვიზიარებ თითოეული თქვენგანის წუხილს და სევდას!“