თბილისის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ. მათ ღამის 12 საათზე პირდაპირი ფეისბუქ ჩართვა გააკეთეს აეროპორტის ტრასიდან, სადაც ტრასის გამყოფ ზოლზე ასეულობით ტომარა თეთრი ქვაა გამწკრივებული, რომელსაც სავარაუდოდ ამ ზოლზე დასაყრელად ამზადებენ. ტომრებზე ქვის მწარმოებელ ქვეყანად ირანია მითითებული, უშუალოდ მწარმოებლად კი Arvand petrochemical company, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის არის. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება, მილიონობით ლარი დახარჯოს იმ ქვეყნის და იმ კომპანიის პროდუქციის შესაძენად, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ–ს მიერ არის სანქცირებული ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და თან კორუფციის ნიშნებსაც შეიცავს.