უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში წუხს, რომ არ შეუძლია საკუთარი შეხედულებებისამებრ ებრძოლოს რუსეთს, რომელიც თავს დაესხა უკრაინას.
დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთთან ომის ესკალაციის შიშით, დააყენეს პირობა, რომ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული შორი დისტანციური რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალა არ უნდა გამოიყენებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უკრაინა იყენებს მხოლოდ უკრაინული წარმოების იარაღს.
“ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?” – ამბობს ზალუჟნი გამოცემის კორესპონდენტთან ინტერვიუში.
„რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ რამის კეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… გამოიყენებს ბირთვულ იარაღს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან,ეს არ აინტერესებთ. ”
„ეს არის ჩვენი პრობლემა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში თქვენ შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს მათი იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენი იარაღით მოვკლავთ“, – განაცხადა უკრაინის არმიის სარდალმა.
უკრაინამ ადრეც დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გამოიყენებს ამერიკელებისგან მიღებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ აშშ-ს და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, მაშინ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.