რაში დაიხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში შეგროვილი მილიონები

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან ვიდეოჩართვით კორონავირუსთან საბრძოლველად რეგიონების საჭიროებებზე ისაუბრეს.

დაუშვილის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. თანხები ძირითადად სოციალურ ჯგუფების უზრუნველყოფაზე და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.

„ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა“, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდში შეგროვილი თანხა აუცილებელ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

„გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ, ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

StopCoV ფონდში უკვე ამ დროისთვის 23 543 111 ლარია შეგროვილი. ფონდში თანხის შეტანა როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს შეუძლიათ.