”რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია” – ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას პასუხობს.
“ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს.
„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას – ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.