რეგულაციების შემსუბუქებაზე იმუნიზაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ რეგულაციაზე საუბარი მხოლოდ იმუნიზაციის დასრულების შემდეგ იქნება.

“იმუნიზაციის დაწყება არაფერ კავშირშია რეგულაციების შესუსტებასთან. იმუნიზაციის დამთავრების მერე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. ეს კარგად ჩანს იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც უკვე აცრილია მოსახლეობის საკმაო რაოდენობა.

ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ბოლო 2-3 კვირაა, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი არა, მაგრამ შემთხვევების მატება გვაქვს. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა ოქტომბერში, როცა გაგვიოთხმაგდა შემთხვევები და რა მოხდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეგულაციებს, რაც არის დღეისთვის მოქმედი. ეს არის დისტანცია, პირბადე და თავის არიდება სუფრებისთვის. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ეპიდაფეთქებები, რომელიც დაკავშირებულია სუფრებთან. საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?”,– ამბობს იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.