რემდესივირს არ ვიყენებთ, რადგან არსებობს ფაქტები, რომ დადებით შედეგს არ იძლევა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დრომდე არ იყენებენ პრეპარატ რემდესივირს, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა.

,,ვარ სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი, სადაც შეყვანილია რემდესივირზე მკურნალობა, მაგრამ მე პირადად, ჩემს კლინიკაში რემდესივირო თერაპია ამ დრომდე არ გამოიყენება, ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნებულება ამასთან დაკავშირებით, რომ რემდესივირო თერაპია დადებით შედეგს, მკვეთრს, არ იძლევა. გამოცდილება ამ პრეპარატის შესახებ არ გამაჩნია და აქედან გამომდინარე ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ”,- ამბობს რატიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პრეპარატი რემდესივირი არ არის. ,,ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ?”,- ასე უპასუხა მან დასმულ კითხვას.

აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა – “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს”.

კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.