საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, რომლის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა”,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რენატა ბეგიაშვილმა ქმრის, შალვა იაშვილის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა.
“მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი. სახელი-გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში, რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არამეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!” – დაწერა ბეგიაშვილმა.