რეჟიმმა სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

10 იანვრის სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის –  ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.