“რიგითი დეპუტატის ხელფასი 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან ”- ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, რომან გოცირიძე წერს.
“დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა “ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ “არაჩვეულებრივების” ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანებიც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის მოადგილეებს, რომლებიც ყველა “ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.
ასევე მაღალხელფასიანი და “მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატში შემავალი დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.
კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში და რეგიონში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას.
პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა.” – წერს რომან გოცირიძე.