რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შსს–მ აქტივისტების კარვებში არყის ბოთლები იპოვა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ.
ერთერთი აქტივისტის თქმით, ისინი კარვებში მონასტრული წესით ცხოვრობდნენ, საზოგადოება კი კარგად ხედავს, თუ რა მიზნით ათევდნენ კარვებში ღამეებს.
“მონასტრული წესით ვცხოვრობდით, დღეში სამჯერ ლოცვის მეტს არ ვაკეთებდით არაფერს. რა დალევა, რის დალევა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. მამაოები ერთი წამით არ გვცილდებოდნენ, ლოცვის, ერთმანეთის მოფერების და მოწესრიგების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ამდენი თვეა საზოგადოება გვადევნებს თვალს და გვიყურებს ჩვენ იქ რას ვაკეთებდით და რისთვის ვიყავით. ეს ფოკუსები ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდეს?! მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?!
გამოიღვიძეთ, ხალხო და გამოდით გარეთ. აფხაზეთში და ოსეთში მოგვერიეს და წაგვართვეს, აქ ორმა კაცმა ფული აიღო და მთელი ხეობა მიაქვთ ხალხო. ქაღალდში გაყიდეს ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. რას ფიქროთ, ხალხო, რა გაჯენთ სახლში, რას ელოდებით?”,– ამბობს ის მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს რიონის ხეობის მცველების კარვები მოსალოდნელი დატბორვის გამო დაშალა. აქტივისტებმა მათ შესთავაზეს, რომ ნამახვანში კარვებს რიონის ნაპირიდან მოშორებით გადაიტანდნენ, სადაც წყალი ვერ მიაღწევდა, რაზეც უარი მიიღეს. მათი თქმით, ამით დასტურდება, რომ ეს გამოგონილი მიზეზია და რეალურად სამინისტროს ნამახვანიდან მათი გამოყვანა უნდოდა.