მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან მოიპოვა ე.წ. კრებსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებს. გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ოპერატიული კრებსი წაიკითხა, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. გვარამიამ ძირითადად ფიგურანტების გვარები არ დაასახელა და მათი ნაწილის ინიციალებით შემოიფარგლა.
“გაგაცნობთ ადამიანებს, ვინც გვითვალთვალებს და გვიღებს. ადამიანები, ვინც თავისუფლად სუნთქვის მტერია ამ ქვეყანაში, ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და უმძიმეს დანაშაულებს ჩადის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გირგოლ ლილუშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ახობაძე… ეს ადამიანი 2020 წელს იყო სუდ-ის ხელმძღვანელი და ამის შემდეგ ის დააწინაურეს დანიშნეს სუს-ის უფროსის მოადგილედ… და მესამე, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი კოკა კობიძე, – ამბობს ნიკა გვარამია.