ყოველ დილით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე რუსეთ–უკრაინის ომის მიმდინარეობის ანალიზს აქვეყნებს. ამჯერად ბრიტანელმა სამხედრო მზვერავებმა რუსული არმიის გენერალზე, ალექსანდრ დვორნიკოვზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დასავლელი სამხედროების და დაზვერვების ინფორმაციით უკრაინაში რუსული სამხედო მოქმედებების მეთაურად დაინიშნა. საინტერესოა, რომ რუსული ოფიციალური წყაროები მისი დანიშვნის ფაქტს დღემდე არ ადასტურებენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს.
როგორ აფასებს ბრიტანული სამხედრო დაზვერვა ამ დანიშვნას:
- დვორნიკოვის დანიშვნა ნიშნავს მცდელობას ჯარის მართვა და ხელმძღვანელობა ცენტრალიზებული გახდეს. რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს, რომ ხელმძღვანელობა ურთიერთქმედებისა და კავშირის უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა.
- დვორნიკოვს აქვს სირიაში ჯარების ხელმძღვანელობის გამოცდილება, თუმცა ეს შეიძლება ითქვას სხვა ბევრ რუს სამხედრო მეთაურზე, აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა. ის ასევე 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარებს, რომელიც დონბასს ესაზღვრება.
- რუსული პროპაგანდისტული აქცენტი კეთდება სწორედ დონბასზე შეტევაზე. დვორნიკოვის შერჩევა “დემონსტრირებაა“, როგორ აიძულა უკრაინელების ჯიუტმა წინააღმდეგობამ და ომის დაწყებამდე არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი, საკუთარი ოპერაციები გადასინჯოს.