როგორ იქცა საქართველო ევროპაში სუროგატი დედობის ცენტრად–Deutsche Welle–ს ვრცელი სტატია

spot_imgspot_img

როგორ იქცა საქართველო ევროპაში სუროგატი დედობის ცენტრად – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გერმანული  Deutsche Welle აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველო სუროგატი დედობის მსოფლიო ცენტრად იქცა, სადაც რუსეთიდან და უკრაინიდან ბევრი კლინიკა გადავიდა. DW მოგვითხრობს, როგორ არის მოწყობილი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ახალი “ ევროპული ჰაბი“.

გთავაზობთ სტატიას სრულად:

2023 წელს, ბავშვის გაჩენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჰამბურგში მცხოვრებმა ორმოც წელს გადაცილებულმა ოლგამ და დანიელმა — სახელები შეცვლილია, რედ. — სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა გადაწყვიტეს. ეს გზა მათ რუსეთიდან ჩამოსულმა მეგობრებმა ურჩიეს, რომლებმაც დაახლოებით ათი წლის წინ წარმატებით ისარგებლეს დამხმარე რეპროდუქციული მომსახურებით.

თუმცა გერმანელი წყვილი მალევე რამდენიმე პრობლემას გადააწყდა. გერმანიაში სუროგატი დედობა კანონით ოფიციალურად აკრძალულია, ამიტომ ასეთი გზით დაბადებული ბავშვების მშობლებს გერმანიაში ნათესაობის აღიარების მიღწევა სასამართლოს გზით უწევთ.

ოლგას გერმანიის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ის რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ამიტომ მეუღლეებმა სუროგატი დედობის ადგილობრივი ბაზრის შესწავლა გადაწყვიტეს და შემდეგ პრობლემას წააწყდნენ: 2022 წლიდან უცხოელებს რუსეთში სუროგატი დედობის ხელშეკრულების გაფორმება აღარ შეუძლიათ. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, ქვეყანაში მკვეთრად გამკაცრდა კანონები, რომლებიც არარუსებისთვის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს არეგულირებს.

მალე ოლგამ და დანიელმა აღმოაჩინეს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბევრი საერთაშორისო სააგენტო, რომელიც კლიენტებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, საქართველოში გადავიდა.

საქართველო — სუროგატი დედობის ახალი ცენტრი

1990-იან წლებში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სუროგატი დედის მონაწილეობით დამხმარე რეპროდუქციული მომსახურება დააკანონა. ამ სფეროში კანონმდებლობა დღემდე ძალიან ლიბერალურია, მიუხედავად ადგილობრივი პოლიტიკოსების მცდელობებისა, გააძლიერონ სახელმწიფო კონტროლი ან უცხოელებისთვის სუროგატი დედობა საერთოდ აკრძალონ.

ამასთან, როგორც ბაზრის მონაწილეებმა DW-ს განუცხადეს, სუროგატი დედობის კომერციული ინდუსტრია საქართველოში რეალურად მხოლოდ 2000-იანი წლების შუაში ჩამოყალიბდა. პირველ წლებში ამ გზით ყოველწლიურად სულ რამდენიმე ბავშვი იბადებოდა. მაშინ ბევრი ქართველი დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, ხოლო რეგიონში სუროგატი დედობის ცენტრად რუსეთი ითვლებოდა.

2010-იან წლებში, რუსეთში სუროგატი დედობისა და უცხოელების მიერ ბავშვების შვილად აყვანის შესახებ კანონების გამკაცრების ფონზე, საქართველო თანდათან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა “განზრახული მშობლებისთვის“ — სწორედ ასე უწოდებენ ამ ბიზნესში სუროგატი დედების კლიენტებს.

საქართველოში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობის შეფასება ძალიან რთულია. პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, ქვეყანაში არ არსებობს ღია რეესტრი იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაიბადნენ. თუმცა 2024 წელს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო კონტროლის მიზნით დახურული აღრიცხვის წარმოება დაიწყო.

ბოლო ხელმისაწვდომი სტატისტიკის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 3000-ზე მეტი სუროგატი დედა იყო რეგისტრირებული. 2012 წლიდან მოყოლებული, მათ 5393 ბავშვი გააჩინეს. საქართველო ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

უწყების მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ამ გზით დაბადებული ახალშობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2021 წელს სუროგატმა დედებმა დაახლოებით 300 ბავშვი გააჩინეს, 2023 წელს მათი რაოდენობა უკვე 1172 ახალშობილს შეადგენდა.

გამსვლელი სუროგატი დედები

ბოლო წლებში საქართველო ერთგვარ ჰაბად გადაიქცა, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან ქალები სუროგატი დედობის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

ერთ-ერთი შუამავალი სააგენტოს კურატორი, 27 წლის მოსკოველი სოფია ტ., თავად ორჯერ იყო სუროგატი დედა. DW-სთან საუბარში სოფია ტ. განმარტავს, რომ მისი სააგენტო საქართველოში იძულებით გადავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთში კანონები გამკაცრდა.

რუსეთში ბაზრის მონაწილეებისთვის მთავარ პრობლემად დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების აკრძალვა იქცა. როგორც წესი, სუროგატი დედა ნაყოფს იმ ემბრიონის გადატანის შემდეგ ატარებს, რომელიც “განზრახული მშობლებისგან“ ან დონორებისგან მიიღება — ასეთ მეთოდს გესტაციურს უწოდებენ. რუსეთში დონორული მასალით, როგორც პროფილური გამოცემა „მედვესტნიკი“ წერდა, წყვილების დაახლოებით 70% სარგებლობდა.

ახლა რუსული სააგენტოები მშობლებს, რომლებსაც საკუთარი რეპროდუქციული სასქესო უჯრედების მიწოდება არ შეუძლიათ, სთავაზობენ დონორის ემბრიონისა და სუროგატი დედის საქართველოში ჩამოყვანას.

აქვე ტარდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურა, რომელსაც ბაზრის მონაწილეები „გადატანას“ უწოდებენ. ამის შემდეგ ქალი სახლში ბრუნდება და საქართველოში მხოლოდ ორსულობის 31-ე კვირაზე, მშობიარობისთვის მოსამზადებლად ჩამოდის, განმარტავს DW-სთან საუბარში სოფია ტ.

ეს სქემა, რომელიც 2022 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, რთული და ძვირადღირებულია. „მხოლოდ დონორის ემბრიონის საქართველოში გადმოტანა 3 ათასი ევრო ღირს. თვითონ გადატანა — კიდევ 1750 ევრო. საჭიროა სუროგატი დედებისთვის ბილეთების, საცხოვრებლისა და დღიური თანხების — ორსულობის დადასტურებამდე გასაცემი თანხების — გადახდა. ერთადერთი, რაც საქართველოში რუსეთთან შედარებით იაფია, მედიკამენტებია“, — განუმარტა DW-ს სოფია ტ.-მ.

„ჩვენთან ეს რაღაც სექტას ჰგავს“

რუსეთიდან ასეთ გამსვლელ სუროგატ დედებს შორის ერთ-ერთია 39 წლის ანასტასია. ქალს ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს და სუროგატი დედობის სამმაგი გამოცდილება აქვს. პირველ პროგრამაში მან 2021 წელს მიიღო მონაწილეობა, რათა უძრავი ქონების შესაძენად პირველადი შენატანისთვის ფული დაეგროვებინა.

პირველი ორი პროგრამა რუსეთში ჩატარდა, ხოლო მესამე — იაპონიიდან წყვილისთვის — 2024 წელს საქართველოში, მოსკოვური კლინიკის ფილიალის შუამავლობით. სხვა სუროგატი დედების მსგავსად, ემბრიონის გადატანის შემდეგ ანასტასია რუსეთში დაბრუნდა, ხოლო ორსულობის 22-ე კვირაზე ისევ საქართველოში ჩამოვიდა.

„ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში სხვა სუროგატ დედასთან ერთად, რომელიც ტყუპს ატარებდა. ეს პროგრამა ჩემთვის ყველაზე მარტივი და კომფორტული აღმოჩნდა, თუმცა შესაძლოა უბრალოდ კლინიკასთან გამიმართლა. სხვა გოგოებისგან, რომლებმაც საქართველოში იმშობიარეს, მსმენია, რომ პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, ზოგს მშობიარობის შემდეგ ჰონორარის მიღებაზე დიდხანს ლოდინი უწევდა“, — უთხრა DW-ს ანასტასიამ.

ქალი აღიარებს, რომ მზად არის, პროგრამაში კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა: „ეს გამოცდილება გითრევს, კიდევ და კიდევ გინდება. ჩემი ქალიშვილი ხუმრობს, რომ ჩვენთან ეს რაღაც სექტას ჰგავს. და ნაწილობრივ მართალიც არის“.

35 წლის იულია სუროგატი დედაა, რომელთანაც სოფია ტ.-ს სააგენტო თანამშრომლობს. რამდენიმე კვირის წინ ის ბათუმიდან მოსკოვში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც დონორის ემბრიონი გადაუტანეს. ეს სუროგატი დედობის უკვე მესამე პროგრამაა, რომელშიც იულია მონაწილეობს, თუმცა პირველი — გასვლითი.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოში ემბრიონის გადატანის პროცედურებს შორის განსხვავება საკმაოდ შესამჩნევია: „რუსეთში პროცესები უფრო აწყობილი და, შესაძლოა, უფრო პროფესიონალურიც ჩანს. მოსკოვში პროცედურის შემდეგ ფრთხილად გადამაწვენდნენ საკაცეზე, პალატაში გადამიყვანდნენ და გონზე მოსასვლელად დროს მაძლევდნენ. ბათუმში კი პროცედურის შემდეგ უბრალოდ ავდექი და წავედი“, — უთხრა DW-ს იულიამ.

„სუროგატი დედები ხშირად სწრაფ ფულს ეძებენ“

ლოგისტიკის სირთულისა და სიძვირის მიუხედავად, საქართველო “განზრახული მშობლებისთვის“ კვლავ მიმზიდველ ქვეყნად რჩება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დაბალი ღირებულების გამო.

სხვადასხვა შეფასებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 19 კლინიკა ახორციელებს ასეთ მომსახურებას. შუამავალი სააგენტოების მომსახურების პაკეტის საშუალო ღირებულება თბილისში ან ბათუმში სხვა ქვეყნებთან შედარებით ორჯერ ან ზოგჯერ სამჯერაც კი დაბალია და დაახლოებით 50-60 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც DW-ს ანონიმურობის პირობით რამდენიმე სუროგატმა დედამ განუცხადა, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ საქართველოში პროგრამებში, საშუალო ჰონორარი 20-30 ათასი დოლარია. თუმცა არსებობს დამატებითი ანაზღაურებაც — მაგალითად, ტყუპის გაჩენის შემთხვევაში. სააგენტოები, როგორც წესი, სუროგატ დედებს საცხოვრებლითაც უზრუნველყოფენ და თვეში დამატებით 300-500 დოლარს აძლევენ პირადი ხარჯებისთვის.

სუროგატი დედები სინამდვილეში ბევრს არ გამოიმუშავებენ. „სწორედ ამიტომ შუამავალი სააგენტოები მათ სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენელ ქალებს შორის ეძებენ. ისინი ხშირად იმედოვნებენ, რომ სწრაფი ფული მათ მატერიალურ მდგომარეობას გამოასწორებს“, — განმარტავს ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის თანამშრომელი ოლგა დოლეცკაია, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში სუროგატი დედობის ბაზრებს იკვლევდა.

როგორც მკვლევარი ამბობს, სუროგატი დედობა ქალებისთვის მიმზიდველია, რადგან ორსულობის შეთავსება სამსახურთან და საკუთარ ოჯახზე ზრუნვასთან შეუძლიათ.

რუსული და უკრაინული სააგენტოების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ საშუალო ჰონორარი თავიდან ოდნავ გაიზარდა კიდეც. „მაგრამ ახლა საქართველოში სულ უფრო მეტი ქალი ჩამოდის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც მზად არიან სუროგატი დედები 12-15 ათას დოლარად გახდნენ“, — უზიარებს DW-ს ერთ-ერთი რესპონდენტი.

უკრაინელი სუროგატი დედების დიდი მოთხოვნა

როგორც წესი, სუროგატი დედებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, საიდან არიან პოტენციური მშობლები. DW-ს რესპონდენტები ამბობენ, რომ მონაწილეობდნენ პროგრამებში რუსეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, სინგაპურისა და სხვა ქვეყნების ოჯახებისთვის. პოტენციურ მშობლებს კი, პირიქით, სურთ, სუროგატი დედების შესახებ რაც შეიძლება მეტი იცოდნენ.

უკრაინელი ანგელინას თქმით, რომელიც რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობს და სოციალურ ქსელებში ახალ სუროგატ დედებს ეძებს, საქართველოში მართლაც ბევრია კლიენტი რუსეთიდან, მაგრამ კიდევ უფრო მეტი — ჩინეთიდან. „მხოლოდ ერთი გოგო მყავდა, რომელმაც თქვა, რომ არ დათანხმდებოდა, თუ მშობლები რუსეთიდან იქნებოდნენ“, — უთხრა მან DW-ს.

DW-სთან საუბარში გერმანელი წყვილი, დანიელი და ოლგა, ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში შესაფერის სააგენტოს რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ. „საკმაოდ სწრაფად გვაძლევდნენ წვდომას რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და საქართველოს ქალების კატალოგზე, დეტალურად გვიხსნიდნენ პროცესს და გვიზიარებდნენ იურისტების კონტაქტებს, რომლებიც ყველა დოკუმენტის გაფორმებაში ეხმარებიან. ცოტათი დაგვაეჭვა იმან, რომ ყველა სააგენტოს არ შეეძლო ზოგიერთი სუროგატი დედის სამედიცინო ისტორიის კონკრეტული დეტალების დადასტურება“, — ჰყვებიან ისინი.

რადგან ორივე მეუღლე სამედიცინო სფეროში მუშაობს, მათი კითხვები — განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობასა და მემკვიდრეობით დაავადებებთან დაკავშირებული — შესაძლოა ზედმეტად სპეციფიკური ჩანდა, აღიარებს ოლგა. „ჩვენ არჩევანი ოცდაათი წლის უკრაინელ ქალზე შევაჩერეთ, რომელიც უკვე იყო სუროგატი დედა ევროპელი წყვილისთვის. სააგენტომ — რუსულ-ქართულმა, რედ. — ჩვენთვის Zoom-ში ერთსაათიანი ზარი მოაწყო, მაგრამ ეს საკმარისად არ მოგვეჩვენა გადაწყვეტილების მისაღებად“.

2024 წლის გაზაფხულზე ოლგა და დანიელი თბილისში ჩამოფრინდნენ, რათა ელენას — სახელი შეცვლილია, რედ. — შეხვედროდნენ. ამ შეხვედრისთვის სააგენტომ, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, იგი უხალისოდ ჩამოიყვანა საქართველოში. თავად ელენამ მათზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა: მან წინა გესტაციური კურიერობის გამოცდილებაზე უამბო, საკუთარი შვილების ფოტოები აჩვენა და აღიარა, რომ გამომუშავებული თანხის დახარჯვას ბინის რემონტზე აპირებდა.

საქართველოში უკრაინელ ქალებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, აცხადებს DW-სთან საუბარში უკრაინული სუროგატი დედობის სააგენტოს მფლობელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. ამან უკრაინელ ქალებს ხელი შეუწყო, რადგან ჰონორარის მოცულობის გამო მათთვის საქართველოს გავლით მუშაობა უფრო მომგებიანი გახდა.

„უკრაინაში დაახლოებით 25 ათასი დოლარი გამოდის. მაგრამ თუ სუროგატი დედა საქართველოში მიდის, მაშინ უკვე სადღაც 28 ათასი დოლარის შეთავაზება გვიწევს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოგებაზეც აისახება“, — ამბობს ის.

DW-ს რესპონდენტის სააგენტო უკრაინაში დიდი ხანია მუშაობს, 2026 წელს კი ფილიალი საქართველოში გახსნა, რომელიც სულ უფრო მეტ კლიენტს იზიდავს: „აქ მშობიარობის შემდეგ დაბადების მოწმობაში შეიძლება ჩაიწერო როგორც დედა და მამა. უკრაინისგან განსხვავებით, ხელისუფლება დნმ-ის ტესტს არ ითხოვს. გარდა ამისა, საქართველოში ომი არ არის, მეტ-ნაკლებად გასაგებია საცხოვრებლის ფასები, სამუშაო პირობები თარჯიმნებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის. და კლიმატიც კარგია“, — აღნიშნავს ის.

უკრაინული სააგენტოები მასობრივად შევიდნენ ქართულ ბაზარზე

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უკრაინული სააგენტოების მფლობელების შეფასებით, რომლებსაც DW ესაუბრა, ბაზრის მონაწილეების უმრავლესობამ საქართველოში მუშაობა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო.

„უკრაინის ბაზარზე 2022 წელს 50-ზე მეტი სხვადასხვა სააგენტო იყო, მათგან 7-8 — მსხვილი, საკუთარი კლინიკებით. 2022 წელს კომპანიების 70% საქართველოში გამოიქცა, მათ შორის ჩვენც. კლიენტები, რომლებიც ჩვენ მოგვმართავდნენ, ამბობდნენ, რომ უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდნენ“, — განმარტავს კიევის რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა BioTexCom-ის მფლობელი ალბერტ ტოჩილოვსკი.

თუმცა უკვე ერთი წლის შემდეგ BioTexCom-მა საქართველოდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან კვერცხუჯრედის დონორებისა და სუროგატი დედების დეფიციტს წააწყდა. „საქართველოში სამ მილიონზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. უკრაინაში მაშინაც კი არ გვყოფნიდა, როცა მოსახლეობა 40 მილიონი იყო“, — ამბობს ტოჩილოვსკი.

ის ასევე მიიჩნევს, რომ სუროგატი დედობის ახალი ჰაბი შესაძლოა ყაზახეთი გახდეს, სადაც უკრაინულმა სააგენტოებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. უპირველესად — ჩინეთიდან მოთხოვნის ხარჯზე. „ყაზახეთი საქართველოზე დიდია. იქვეა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. იმავე ტაჯიკეთისთვის, სადაც მოსახლეობის შემოსავალი უკრაინასთან შედარებით ბევრად დაბალია, სუროგატი დედებისთვის 20 ათასი დოლარი ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა. ამიტომ მსურველები იქ საკმარისად არიან“, — ამბობს ის.

ტოჩილოვსკის თქმით, ცენტრალური აზიიდან სუროგატი დედები პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაშიც კი ჩადიან. ხოლო უკრაინიდან ქალების საქართველოში პროგრამებისთვის ჩამოყვანა რთულია.

„ბევრს არ სურს საქართველოში რამდენიმე თვით საკუთარი შვილების გარეშე ჩამოსვლა. ამიტომ ისინი ჩამოდიან ემბრიონის გადატანაზე, შემდეგ სახლში ბრუნდებიან და მოგვიანებით ისევ ჩამოდიან. რადგან ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, ეს ხარჯიანი და რთულია. განსაკუთრებით საცხოვრებლის ქირაობა, რომელიც თვეში ერთიდან ორ ათას დოლარამდე ჯდება“, — ამბობს BioTexCom-ის მფლობელი.

როგორც DW-ს რამდენიმე სუროგატმა დედამ და სააგენტოების წარმომადგენლებმა განუმარტეს, ეს მართლაც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ზოგ პოტენციურ მშობელს ასეთი პრაქტიკა აფრთხობს. „თავიდან გვითხრეს, რომ სუროგატი დედა მთელი ორსულობის განმავლობაში თბილისში ნაქირავებ ბინაში დარჩებოდა. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ელენა ემბრიონის გადატანის შემდეგ რამდენიმე თვით სახლში, უკრაინაში დაბრუნდებოდა, სადაც ომია“, — უთხრეს DW-ს ოლგამ და დანიელმა.

საქართველოს კანონები პოტენციური მშობლების მხარესაა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოს მთელი მსოფლიოდან კლიენტებისთვის მიმზიდველს ხდის, არის კანონები, რომლებიც ძირითადად “განზრახული მშობლების“ ინტერესებს იცავს.

საქართველოში განზრახულ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის დოკუმენტების გაფორმების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. პროგრამის დაწყებამდე მათ მხოლოდ ხელშეკრულების დადება და მისი ნოტარიულად დამოწმება სჭირდებათ. ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებმა შვიდი დღის განმავლობაში სახელმწიფო რეესტრში დაბადების მოწმობის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ.

ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც სუროგატი დედობა ლეგალიზებულია, პოტენციურ მშობლებს ბავშვის დაბადების შემდეგ ნათესაობის დამტკიცება სასამართლოს გზით არ უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე სწრაფად გასცემს დოკუმენტებს, რომლებიც მშობლების წარმოშობის ქვეყნებში ნათესაობის გასაფორმებლად არის საჭირო.

ადვოკატი ნინო ბოგვერაძე ათ წელზე მეტია პოტენციური მშობლების ინტერესებს წარმოადგენს და სასამართლოშიც მათ მხარეს გამოდის, თუ დოკუმენტაციაში შეცდომის გამო დაბადების მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნება.

ის ამბობს, რომ საქართველოს კანონების მიხედვით, სუროგატ დედას მომავალი ბავშვის მიმართ ნებისმიერი უფლება ავტომატურად ერთმევა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. მაშინაც კი, თუ მშობლები ბოლო მომენტში გადაიფიქრებენ და ბავშვზე უარს იტყვიან. ბოგვერაძის თქმით, ასეთი შემთხვევები, მართალია იშვიათად, მაგრამ ხდება. ასეთ შემთხვევაში ახალშობილი ქართულ ბავშვთა სახლში ხვდება.

ბოგვერაძის კლიენტებს შორის არიან წყვილები მთელი მსოფლიოდან — ბრიტანეთიდან სინგაპურამდე. ამასთან, ყოველწლიურად მის კლიენტებს შორის სულ უფრო მეტი ქართული ოჯახია. „ადრე ქართველებისთვის სუროგატი დედების მომსახურება ზედმეტად ძვირი იყო. მაგრამ ახლა სულ უფრო მეტ წყვილს შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. ამასთან ერთად შეიცვალა მენტალიტეტიც. ბევრი აღარ მალავს, რომ ასეთ მომსახურებას მიმართავს“, — განმარტავს ის.

ბოგვერაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ადგილობრივმა სააგენტოებმა თავი უკვე დაიმკვიდრეს და ახლა ბაზარი გადარჩენას შეძლებს მაშინაც კი, თუ მას უკრაინული და რუსული სააგენტოები დატოვებენ.

DW-სთან საუბარში ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ქართულ კანონმდებლობას სუსტი ადგილი აქვს: ის არეგულირებს მხოლოდ სუროგატ დედას, პოტენციურ მშობლებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობებს, თუმცა საერთოდ არ ითვალისწინებს შუამავალი სააგენტოების როლს. ამის გამო სუროგატი დედები ხშირად ზარალდებიან.

უფლებადამცველები: ქართული კანონები ქალების რეპროდუქციულ უფლებებს არღვევს

სუროგატ დედებს საქართველოში ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ. ორსულობასთან, სამედიცინო გადაწყვეტილებებთან და ჰონორართან დაკავშირებული საკითხების უმრავლესობას არა ქვეყნის კანონები, არამედ მხარეებს შორის კონკრეტული ხელშეკრულება არეგულირებს. სახელმწიფო ასევე არ ადგენს მინიმალურ სოციალურ გარანტიებს ან სტანდარტებს, რომლებიც შეთანხმების პირობებს შეეხებოდა.

სუროგატ დედებს არ შეუძლიათ ბავშვის თავისთვის დატოვება, პროგრამიდან გასვლა ემბრიონის გადატანის შემდეგ ან ორსულობის შეწყვეტა. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მაგალითად Human Rights Watch — HRW — და International Women’s Health Coalition — IWHC — მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებული პრაქტიკა ქალების რეპროდუქციულ ავტონომიას არღვევს.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში გამოჩნდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც მხარს უჭერს სუროგატ დედებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის. როგორც DW-ს ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განუცხადა, შუამავალი სააგენტოები ხშირად სარგებლობენ ქალების იურიდიულად მოწყვლადი მდგომარეობით.

მისი თქმით, უცხოელი სუროგატი დედები ყველაზე ხშირად სამ პრობლემას აწყდებიან: ბევრი ქალი ხშირად ვერ იღებს დაპირებული ჰონორარის სრულ თანხას, ბოლომდე ვერ იგებს ხელშეკრულების პირობებს, სამედიცინო რისკებსა და საკუთარ სამართლებრივ სტატუსს, ასევე აწყდება საქართველოში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.

„საფარში“ მიიჩნევენ, რომ სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოების მუშაობას დაარეგულირებდა, დიდი პრობლემაა.

„სააგენტოები მკაცრ სალიცენზიო მოთხოვნებს არ ექვემდებარებიან, მათი საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგი არ არსებობს, ხოლო სუროგატი დედების უფლებების დარღვევისთვის მათი პასუხისმგებლობის დაკისრება იურიდიულად რთული ამოცანაა“, — ამბობს DW-ს რესპონდენტი.

2025 წელს ქვეყანაში ხმაურიანი სკანდალი აგორდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინულ-სომხური სააგენტო Kinderly, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შევიდა, თვეების განმავლობაში არ უხდიდა ჰონორარებს სუროგატ დედებს და მათთვის ცალკე საცხოვრებლის დაქირავებაზე უარს ამბობდა. ქალები იძულებულები იყვნენ, დახურულ ჰოსტელში ეცხოვრათ.

სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის ეჭვით დაიწყეს. Kinderly-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი დააკავეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ Kinderly-ს ხელმძღვანელებმა უკანონოდ მიითვისეს განზრახული მშობლებისგან მიღებული თანხა, ნაცვლად იმისა, რომ სუროგატი დედებისთვის ჰონორარები გადაეხადათ, ქირის დავალიანება დაეფარათ და სამედიცინო ხარჯები აენაზღაურებინათ.

იმის ნაცვლად, რომ რეფორმები გაატარონ და სუროგატ დედებს მეტი უფლება მიანიჭონ, ქართველი პოლიტიკოსები „რეპროდუქციული ტურიზმის“ მკვეთრად შეზღუდვას ან სრულად აკრძალვას სთავაზობენ. ზოგი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში სუროგატი დედობა მხოლოდ ალტრუისტული, ანუ უსასყიდლო უნდა გახდეს.

როგორც DW-ს ანონიმურობის პირობით რუსეთიდან ორმა სუროგატმა დედამ უამბო, რომლებიც 2022 წელს საქართველოში გადმოვიდნენ, ზოგი ქალი ქართული კანონების ლიბერალურობით სარგებლობს და სააგენტოების გვერდის ავლით პირდაპირ უთანხმდება განზრახულ მშობლებს. მათი თქმით, ქვეყანაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების ნაცრისფერი ბაზარი არსებობს.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, სუროგატ დედებს კანონით ეკრძალებათ საკუთარი კვერცხუჯრედის პოტენციური მშობლებისთვის მიწოდება. თუმცა საქართველოში ასეთი პრაქტიკა სრულად ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ შუამავალი სააგენტოების, იურისტებისა და კლინიკების უმეტესობა დაჟინებით ურჩევს მხარეებს დონორული სასქესო უჯრედების გამოყენებას.

„სააგენტოებს, უპირველეს ყოვლისა, მატერიალური ინტერესი ამოძრავებთ“

როგორც DW-სთან საუბარში ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლგა დოლეცკაია განმარტავს, კომერციული სუროგატი დედობის ბაზრები მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ისეა მოწყობილი, რომ ქალებისთვის საკუთარი უფლებების დაცვა რთულია.

„შუამავალი სააგენტოები ხშირად საუბრობენ თავიანთ განსაკუთრებულ მისიაზე — დაეხმარონ ადამიანებს ნანატრი ბავშვის ყოლაში. მაგრამ რეალურად მათ, უპირველეს ყოვლისა, მატერიალური ინტერესი ამოძრავებთ — და ამიტომ სარგებლობენ სუროგატი დედების მოწყვლადი მდგომარეობით და ზეწოლას ახდენენ პოტენციურ მშობლებზე“.

ამ შეფასებას ოლგა და დანიელიც ეთანხმებიან. „მუდმივად გვაგრძნობინებდნენ, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიგვეღო. თითქოს ჩვენს სუროგატ დედაზე კიდევ რამდენიმე წყვილს ჰქონდა პრეტენზია და უნდა გვეჩქარა. მით უმეტეს, რომ კრიოკონსერვაციაში უკვე გვქონდა გადასატანად მზად ემბრიონები“, — განაგრძობს ოლგა.

შუამავალი სააგენტო ასევე მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ პოტენციური სუროგატი დედა საქართველოში საკუთარი ხარჯით ჩამოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო. „ერთ მომენტში სააგენტოს წარმომადგენელმა, როცა ჩემი ემოციური მდგომარეობა დაინახა, მკითხა, კიდევ რამდენ ხანს ვაპირებდი უშვილოდ დარჩენას. მომეჩვენა, რომ ჩემზე მანიპულირებდნენ“, — ასკვნის ოლგა.

წყვილი საქართველოდან გერმანიაში შერეული გრძნობებით დაბრუნდა და დროებით გადაწყვიტა, სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობის იდეაზე უარი ეთქვა.

spot_imgspot_img

პოპულარული

დააკავეს კაცი, რომელიც თბილისელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს სძალავდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით 48 983 ლარს დაეუფლა. ...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში–არიან დაღუპულები და დაჭრილები

მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვში,...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...
spot_img

ყველა ამბავი

„სირცხვილი შიგნიდან მჭამდა“–FBI-ის აგენტმა აღიარა, რომ „მტრული“ ანგარიშებიდან ერთი მილიონი დოლარი მოიპარა

FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ....

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მესაზღვრეებმა ლა-მანშში ცეცხლმოკიდებული ნავიდან 150 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინეს

სამშაბათს, 4 აგვისტოს დილით, ლა-მანშის სრუტეში ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ნავზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალურად...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.,“საქართველოს...

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი „იმერეთის“ ხაზზე ავარია იყო.„წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...

რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე – ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ფავლენიშვილი

"რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე - ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ "  -  ამის...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - გამოკითხვაზეა დაბარებული მისი დაცვის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე.მომხდარზე...

გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს- კობახიძე

" გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები " -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“  პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი აცხადებს. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ძირითადი...