გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას – „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.
„კომპიუტერის სკანირებას რამდენიმე დღე შეიძლება დაჭირდეს. მათ იცოდნენ, რომ კომპიუტერი გახსნილი არ უნდა ყოფილიყო, დალუქულ მდგომარეობაში უნდა დამხვედროდა, მაგრამ გახსნილი დამხვდა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება უკვე და ძალიან ამყარებს ეს იმ ნათქვამს, რაც მამას, ბატონ ჯუმბერს უთხრა იმ მაღალჩინოსანმა, რომ „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო. ახლა ამბობს, არაფერი ამდაგვარი არ მითქვამსო, ეტყობა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდათ, ბევრი კითხვის ნიშანია.
მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ, იპოვეს კოდი, არადა მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ „გოგო შარში“ იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.
ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, რადგან კომპიუტერი დადგენილების მიხედვით მოიტანეს, იმ წუთას დავიწყეთ კოდის ძებნა და ახლა თქვენს თვალწინ ვიწყებთ ამის გახსნასო. არადა, ლუქის ახსნა და მთელი რიგი პროცედურები ჩემ თვალწინ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს რამიშვილი.