საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია ზეიმობენ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე.
„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის.
ქართველებსა და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,- აცხადებს კელი დეგნანი.