“როდესაც მღვდელი სქესობრივ კავშირს ამყარებს მრევლის წევრთან ეს არის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და გაუპატიურება. რადგან არსად არ არის ნებისმიერი მღვდელი ისე გაღმერთებული და გაკერპებული როგორც საქართველოში. ხალხს ელეთმელეთი ემართება ანაფორის დანახვაზე. მრევლში არის მოძღვრის პიროვნების კულტი, რომელსაც მთლიანად უმორჩილებენ თავის ცხოვრებას. ამიტომ ჩნდება ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მღვდელზე, რომელსაც მამაო ბოროტად იყენებს და იკმაყოფილებს თავის ქვენა სურვილებს“– ასე ეხმაურება თეოლოგი ბასილ კობახიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხაშურში, მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
არხის ინფორმაცით მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეს ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა სავარაუდოდ იძულებით დატოვა. მიზეზი კი ხაშურში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.
ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს.