რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, მივსულიყავი აქციაზე – მდინარაძე 20 ივნისზე

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში რომ არ ყოფილი, შესაძლოა 20 ივნისის აქციაზე მისულიყო, თუმცა იქაურობას დატოვებდა, თუ დაინახავდა, რომ “ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში” ჯდებოდა.

“იმ დღემ [20 ივნისი] აჩვენა ის, რომ ჩვენი შეცდომით ბოროტად ისარგებლა ვიღაცამ – ამ შემთხვევაში, ეს ვიღაც იყო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა და მისი სხვადასხვა განშტოება. ეს იყო რეალობა, ისარგებლა ბოროტად.

ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ – რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, იმ დღეს იქ მივსულიყავი საპროტესტო აქციაზე. მაგრამ, როგორც კი დავინახავდი, რომ ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებსა და მავნე ზრახვებში ვჯდებოდი, დავტოვებდი იქაურობას, როგორც ეს გააკეთა იქ მყოფი ადამიანების 9/10-მა.

ეს არის სულ. იქ იყო საპროტესტო აქცია – მართლა, რეალურად გაბრაზებული მოქალაქე, რომელმაც ნახა და მართლა გასაბრაზებელი იყო, მეც გავრბაზდი – გიჟივით მივვარდი პარლამენტში, გახსოვთ”,- თქვა მდინარაძემ.

გასული წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ჩატარდა, რა დროსაც კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, რასაც იმავე დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ღამით, სამართალდამცავებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბიეს, რა დროსაც ათობით მოქალაქე დაშავდა.