კახეთის სახელმწიფო რწმუნები, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გუშინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტურად იმუშავა, მისი ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება კი ნიშნავს, რომ ვიღაცას კახეთის დასეტყვა უხარია.
„რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა. გუშინ 790 კვადრატული კილომეტრის, ვისაც შეუძლია ამის წარმოდგენა, ფართობის მქონე ღრუბელის ფრონტი შემოვიდა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. რომ არ ამ სისტემის ეფექტური მუშაობა, ჩვენ გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა. არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და ამ სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია “,- ამბობს ქადაგიშვილი.
მისივე თქმით, ვენახის მოსავლის ზარალი მცირეა.
,,სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ცოტა მეტი ყურადღება მივაქციოთ რეალობას. ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია, ძირითადად იყო ერთწლოვან კულტურებზე მოსული ეს სეტყვა, რამდენიმე ლოკაცია არის სულ”,- თქვა რუსთავი 2-თან კახეთის გუბერნატორმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავალი გაუნადგურდათ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კი ეფექტიანად არ იმუშავა.
,,დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო სეტყვა. მშრალზე დაიწყო პირდაპირ. სეტყვამ გაანადგურა როგორც ალუჩა, ასევე ყველა ხეხილი – გარგარი, ბალი ალუბალი, სულ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. რაც გადარჩენილია, დაჟეჟილია, ალბათ ჩამოცვივდება ესაც. 100%-ით არის ეს… სროლის ხმა ისმოდა სტიქიის მერე. დაიჭექა და კაკლის სისქე სეტყვა წამოვიდა”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მიხეილ ტუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კახეთში მოსულმა სეტყვამ, რეგიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
დაზარლებული ფერმერები კახეთიდან სოციალურ ქსელში სეტყვის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.