ნიკა გვარამიას გადაცემა მთავარ აქცენტებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას ამბობს, რომ მან და ლევან ბერძენიშვილმა ერთმანეთს წარსული აპატიეს. წამყვანის კითხვა 7 ნოემბრის მოვლენებს და იმას ეხებოდა, რა ხდებოდა რეალურად 7 ნოემბერს, იყო თუ არა მართლაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რას იტყვის იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებს გამოუქვეყნეს, რომლებსაც რუსეთის აგენტობა დააბრალეს.
“ლევან ბერძენიშვილის ფარული ჩანაწერი რატომ გამოვაქვეყნეთ, ან თქვენ რატომ გააკეთეთ ჩანაწერი და ან მე რატომ გამოვაქვეყნე?“– კითხა მერაბიშვილს გვარამიამ.
ვანო მერაბიშვილი დღესაც ამბობს, რომ 2007 წლის ნოემბერში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, თუმცა არ აკონკრეტებს რომელი ოპოზიციონერი ლიდერები მონაწილეობდნენ ამ გადატრიალებაში. ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ კითხვას კი პასუხობს:
“რომ გამოვედი ციხიდან ერთ–ერთი პირველი ვისაც დავურეკე იყო ლევან ბერძენიშვილი.
მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი რომ ის იყო პოლიტპატიმარი.
ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. მანაც მაპატია ის რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე ის, რაც უნდა მეპატიებინა, იმიტომ რომ მე პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლების დროს.“– თქვა ვანო მერაბიშვილმა.