პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დადებითობის მაჩვენებელი მცირდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.
“როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დრეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას”,– ამბობს გახარია.
მისივე განცხადებით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე მეტია, ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა.
“უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს.
ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია”,– აღნიშნა გახარიამ.