რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავის სახლს ყიდულობენ ჰარი და მეგანი კალიფორნიაში

როგორც ჩანს სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ამერიკაში დასაფუძნებლად სერიოზულად ემზადებიან. ისინი ლოს ანჯელესში საცხოვრებელ სახლს არჩევენ. გასულ კვირას ჰოლივუდელმა უძრავი ქონების აგენტმა ანდრეა პაილოტმა თავის ინსტაგრამზე სენსაციური ამბავი გამოაქვეყნა: “პრინცი ჰარი და მაგანი მელ გიბსონის სახლს ყიდულობენ“. რიელტორი, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების უძრავი ქონების გაყიდვით არის დაკავებული “საუკუნის გარიგების“ გამო ემოციებს ვერ მალავდა. როგორც ჩანს მან პირადად აჩვენა წყვილს მალიბუში მდებარე სახლი ხუთი საძინებლით, რომლითაც მეგან მარკლი აღფრთოვანდა. თუმცა, აგენტს ნაადრევი სიხარული შესაძლოა ძვირი დაუჯდეს.

რამდენიმე საათში მისი ინსტაგრამ პოსტი გაქრა, კომპანია კი, სადაც ის მუშაობს კომენტარზე უარს აცხადებს.

გარიგების ფასი 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად ფასდება. ადგილი სამეფო ოჯახისგან განდგომილი წყვილისთვის ზედგამოჭრილია – ლოს ანჯელესისგან მოშორებით და მეგანის დედის, დორის სახლთან ახლოს.

მელ გიბსონის სახლს აქვს საოცარი ხედი წყნარ ოკეანეზე, ხუთი აკრი მიმდებარე ტერიტორია, ორი აუზი, სავარჯიშო დარბაზი და წევრობა ელიტურ სანაპირო კლუბში.  სახლი მელ გიბსონამდე დევიდ დუხოვნის ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ ჰარი და მეგანი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ეს ზამთარი გაატარეს, ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ისინი ამერიკაში, კერძოდ კი კალიფორნიაში აპირებენ ცხოვრებას.