ქრისტიანული კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის – აღდგომისადმი მიძღვნილი ცერემონიები დღეს მთელ მსოფლიოში ტარდება.
სხვადასხვა კალენდრის გამო, კათოლიკეები და მართლმადიდებლები აღდგომას სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ. მართლმადიდებლური აღდგომა 5 მაისს მოდის, კათოლიკური აღდგომა 31 მარტს.
ბიბლია ამბობს, რომ იესო აღდგა აღდგომის კვირას, დიდ პარასკევს ჯვარზე სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
აღდგომის დღესასწაულზე, რომის პაპმა ფრანცისკემ ქადაგება წაიკითხა ვატიკანში, სადაც ის გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს ომი ღაზასა და უკრაინაში, ასევე გაათავისუფლონ ყველა მძევალი, რომლებიც ჯერ კიდევ ჰამასის ბოევიკებს ჰყავთ.
“მშვიდობა არ მიიღწევა იარაღით”, – ხაზგასმით აღნიშნა პონტიფიკოსმა თავის ტრადიციულ სააღდგომო გზავნილში ისრაელსა და ჰამასს შორის ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე. „მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ჰუმანიტარული წვდომისთვის ღაზაში, 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების სწრაფად გათავისუფლებისა და ღაზაში დაუყონებლივ ზავის შესახებ.“
რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა ტყვედ ჩავარდნილის სწრაფად გაცვლას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა კიევისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მორიგი მოწოდებისგან.
პონტიფიკოსი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც მან მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ ”ის უფრო ძლიერია, ვინც ხედავს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს თეთრი დროშის აწევის გამბედაობა მოლაპარაკებისთვის”.