ვატიკანმა გაავრცელა ინფორმაცია ყოფილი პაპის, ბენედიქტ XVI-ის გარდაცვალების შესახებ. ის 95 წლის იყო
ბენედიქტემ თავისი ბოლო წლები ვატიკანის კედლებში მდებარე მატერ ეკლესიის მონასტერში გაატარა. მისი მემკვიდრე რომის პაპი ფრანცისკე მას იქ ხშირად სტუმრობდა .
ყოფილი პონტიფიკოსი ავად იყო და წმინდა საყდარმა თქვა, რომ მისი მდგომარეობა ასაკის გამო გაუარესდა. გასულ ოთხშაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში მიმდინარე წლის ბოლო აუდიენციაზე, მოუწოდა სპეციალური ლოცვისკენ რომის პაპ ბენედიქტესთვის, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ავად იყო.
ბენედიქტ XVI რომის პაპად 2005 წელს 78 წლის ასაკში აირჩიეს. ის გახდა ერთ-ერთი ხანდაზმული კარდინალი ისტორიაში, რომელიც პაპის ტახტზე ავიდა.
მისი პაპობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში არ წყდებოდა სკანდალები, ბრალდებები, სარჩელები და ოფიციალური ანგარიშები კათოლიკურ ეკლესიაში ათწლეულების განმავლობაში მღვდლების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის შესახებ . მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ იცოდა პედოფილი მღვდლების შესახებ და არაფერი გააკეთა. ამ წლის დასაწყისში, ყოფილმა პონტიფიკოსმა აღიარა, რომ შეცდომები დაშვებული იყო ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ის იყო მიუნხენის არქიეპისკოპოსი 1977-1982 წლებში.