როსკომნადზორმა ალექსეი ნავალნის საიტი დაბლოკა

როსკომნადზორმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საიტზე წვდომა დაბლოკა. უწყების რეესტრში აღნიშნულია, რომ დაბლოკვა გენპროკურატურის გადაწყვეტილებით მოხდა. საიტზე შესვლისას ჩნდება ინფორმაცია, რომ წვდომა ინფორმაციის შესახებ კანონის საფუძველზეა დახურული.

გარდა ამისა, დაბლოკილია პოლიტიკოსის თანამებრძოლების ვებგვერდები. მათ შორის ლიუბოვ სობოლის და ლეონიდ ვოლკოვის, ასევე “ექიმთა ალიანსის“ პროფკავშირების გვერდი, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტის როლის შემსრულებელ“ ორგანზაციად არის მიჩნეული. სულ ვოლკოვის ინფორმაციით დაბლოკილია ნავალნისთან დაკავშირებული 49 საიტი.

ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის მიერ დაფუძნებული სტრუქტურები ექსტრემისტულად ცნო. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი. ორივე რუსთში უცხო ქვეყნების აგენტ ორგანიზაციებად არის ცნობილი, ასვე დახურულია რუსეთის რეგიონებში პოლიტიკოსის შტაბები.

ნავალნის გუნდმა რუსეთის ქალაქებში 39 შტაბი დახურა. იქ მომუშავე ბევრი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა, ზოგიერთი შტაბის ყოფილი კოორდინატორი კი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა.

ნავალნის რამდენიმე თანამებრძოლი, მათ შორის მისი მოსკოვური შტაბის ხემძღვანელი, ოლეგ სტეპანოვი, პრეს მდივანი კირა იარმიში და იურისტი ლიუბოვ სობოლოლი 23 იანვრის მიტინგის შემდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არიან ბრალდებულები.

თავად ნავალნი თებერვლიდან ვლადიმირის ოლქში შრომა–გასწორების კოლონიაში იმყოფება.

4 ივლისს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ ორგანიზაციებთან არიან კავშირში. ამასთან, კავშირად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ასეთი სტრუქტურების მუშაობაში უშუალო მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა, ფინანსური, საკონსულტაციო, ქონებრივი და “სხვა სახის“ მხარდაჭერა.