„ბუნებრივია, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოგვიკლა თამაზ გინტური, ანექსიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, “ქართული ოცნება” კი საერთოდ არ იმჩნევს ამ ყველაფერს. ამ მოცემულობაში, როცა გავრილოვის მასპინძელი ბატონი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის. აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ პრობლემა იმაშია, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის, არამედ საქართველოს ეროვნული მთლიანობის, სუვერენიტიტეტის და ეროვნული ინტერესის განხორციელების ჭრილში, აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის.[…] ივანიშვილის ხმამაღალი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ბუნებრივია, გამოიწვევდა იმ განცხადებას, რაც ახლად არჩეულმა პრემიერმა გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე. ამ მოცემულობაში მთავარი კითხვაა არა ის, რომ ახალი პრემიერის განკარგულებები იქნება საჯარო, არამედ ის, თუ რატომ არის დახურული 900-ზე მეტი განკარგულება, რომელიც გამოცემულია წინა პრემიერის პირობებში. სწორედ იმ პერიოდში ყველაზე გახმაურებული სავარაუდო კორუფციული ამბები გვესმოდა საჯაროდ. ხელის დაფარება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა,”
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას, რომ “საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით”, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაძლეულია.