ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველა მიმართულება უკეთესობისკენ შეიცვალა.
“2012 წლის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა პირადი კომფორტი გადავდეთ გვერდზე, როცა მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას, ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ქვეყანაში ვითარება – აბსოლუტურად ყველა მიმართულება შევცვალეთ უკეთესობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,– ამბობს კალაძე.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ახალი ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა, ძირეული რეფორმები განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით და ადამიანის უფლებები უმაღლეს ევროპულ სტანდარტამდე აიყვანა.
„ადამიანებს დღეს, აღარ ეშინიათ ავად გახდომის, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს, დაფინანსებები მისცეს. ამ მიმართულებით ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ჯანდაცვის სექტორში. ადამიანს იმისთვის, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, უწევდა შინაური ცხოვრელების გაყიდვა, სახლის დაგირავება და ა.შ. დღეს, ადამიანებს და მათ შვილებს აღარ აქვთ სასწავლო მასალების პრობლემა, როგორც ეს იყო წინა წლებში და გვახსოვს ელემენტარულად წიგნების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ მშობლებს”,– აცხადებს თბილისის მერი.
მისივე თქმით, გაზრდილია სტუდენტებისა და პედაგოგების დაფინანსება.
“ყველაფერ ამის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყნის განვითარება მშვიდობიანად და სტაბილურად, ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. მომდევნო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის განვითარების ეს ტემპები, მშვიდობა და სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას“, – განაცხადა კალაძემ.