“როცა საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, აქ კულტურაც და სპორტიც – ყველაფერი პოლიტიკაა”- „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუღებელია, რომ პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტის დასს უხელმძღვანელებს.
„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. ნამდვილად ვერაფრით გავამართლებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვიცნობ ქალბატონ ნინოს და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება პოლიტიკისა და კულტურის არევა, როდესაც საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და განაგრძობს ოკუპაციას, აქ პოლიტიკაც, კულტურაც და სპორტიც – ყველაფერი პოლიტიკაა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.