რუისელებმა აქციაზე ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს – ისინი სარწყავ წყალს ითხოვენ

დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. აქცია სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გადაინაცვლა.

ადგილობრივები ითხოვენ, ტაშისკარის არხში წყალი გაუშვან, რომელიც ორი კვირაა აღარ მოედინება.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც აქციაზე ქარელის მერი გამოჩნდა,
ისინი ზაზა გულიაშვილს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატვება მოსთხოვეს.

მელიორაციის სამსახურის განმარტებით, ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ამ გრაფიკით მოწოდებული წყალი არ ჰყოფნით და ბოლო ორი კვირაა წყალი არც ღამის საათებში აქვთ.