სიგარეტის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, ამერიკული Philip Morris წლის ბოლოს რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა განაცხადა.
კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია Marlboro, ასევე კომპანია აწარმოებს ბრენდებს: Parliament, Chesterfield L&M, Next და თამბაქოს გამაცხელებელ სისტემებს IQOS.
რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ Marlboro–ს ყიდვას, რომლის კოლოფი საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს ბრენდი რუსეთში აღარ შევა, თუმცა არ არის გამორიცხული ის არაოფიციალურად, პარალელური იმპორტის გზით მოხვდეს რუსეთში.
თამბაქოს გიგანტისთვის რუსეთი სიდიდით მეშვიდე ბაზარია. მას რუსული ბაზრის 27% ეკუთვნის. ასეთი ციფრები დაასახელა ოლჩაკმა ბლუმბერგთან ინტერვიუში:
“ყველა ღონეს ვხმაროთბ, რომ ჩვენი რუსეთში ყოფნა შეწყდეს. მაგრამ ვიფქრობ, ეს შემდეგი კვარტლის განმავლობაში ვერ მოხდება.“
ოლჩაკის თქმით,ბაზრიდან გასვლის პროცესის დასრულება წლის ბოლოს შესაძლებელია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Philip Morris–ს ბაზრის დატოების განზრახვის შესახებ პირდაპირ არ განუცხადებია. მარტის დასაწყისში მან თქვა, რომ წარმოებას ამცირებს და რუსეთში ინვესტირებას წყვეტს, ასევე ამცირებს წარმოების მოცულობას მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო. მარტის ბოლოს კი კომპანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აქტივები სხვა მფლობელს გადასცეს – ისევ და ისევ ლოჯისტიკური პრობლემების გამო.
მანამდე რუსეთიდან წასვლის შესახებ განაცხადა მეორე გიგანტმა– British American Tobacco. ამ ბრიტანულ მწარმოებელს ეკუთვნის ბრენდები: Dunhill, Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans, ასევე თამბაქოს გამაცხელებელი სისტემა Glo.