რუსეთის თავდაცვის მინისტრი კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ საკუთარ ვერსიას ავრცელებს, რომლის თანახმად სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული და დამწვარი სავაჭრო ცენტრი არ ფუნქციონირებდა.
“გუშინ პოლტავის ოლქში, კრემენჩუგში რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა შეტევა მიიტანეს კრემენჩუგის მანქანათმშენებელი ქარხნის რაიონში იარაღის და საბრძოლო მასალების ანგრებზე, რომლებიც უკრაინამ აშშ–სგან და ევროპული ქვეყნებიდან მიიღო. იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც იქ ინახებოდა, უკრაინული დაჯგუფებებისთვის დონბასში უნდა გაეგზავნათ, თუმცა ისინი განადგურებულია. ანგარში შენახული საბრძოლო მასალების დეტონაციამ ხანძარი გამოიწვია გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელიც არ ფუნქციონირებს “–აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რეალურად კი, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით სავაჭრო ცენტრ “ამსტორში“ სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 59. 36 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაბომბვის მომენტისთვის სავაჭრო ცენტრში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
სამაშველო სამუშაოები აქ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამჟამად ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის იმედი თითქმის აღარ არსებობს.