რუსეთი უკრაინის დონბასის რეგიონისთვის ბრძოლაში 20 000-მდე დაქირავებულს აგზავნის. ინფორმაციას ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოსკოვს უკრაინაში დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავს სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაქირავებულთა ჩართულობის შეფასებები მერყეობს 10 000-დან 20 000-მდე, თუმცა ძნელია ზუსტი რაოდენობის დასახელება.
„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ გარკვეული ტრანსფერი ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში და ეს ბიჭები ძირითადად ქვემეხის საკვებად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგობის პირისპირ”,– თქვა მან და აღნიშნა, რომ ისინი ქვეითები არიან და არ ჰყავთ მძიმე ტექნიკა ან მანქანები.
მისივე ცნობით, სირიელ ყოფილ ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად შესთავაზეს ყოველთვიურად 600-დან 3000 დოლარამდე ხელფასი, წოდებისა და გამოცდილების მიხედვით.
“გავრცელებული ინფორმაციით, ვაგნერმა თავისი ჯარისკაცების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ლიბიაში იბრძოდნენ, უკრაინაში გადაიყვანა. ხოლო გასულ თვეში უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა დადო შეთანხმება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ლიბიელ სამხედრო მეთაურთან, ხალიფა ჰაფტართან ლიბიელი მებრძოლების გაგზავნის შესახებ”,– იუწყება Guardian.
ევროპელი ოფიციალური პირი განმარტავს, რომ კრემლს უკრაინაში, ომის მეორე ფაზაში ოთხი მიზანი აქვს: “დონბასის აღება, ყირიმთან სახმელეთო ხიდის უზრუნველყოფა, რომელშიც ალყაში მოქცეული მარიუპოლი გადამწყვეტ როლს შეასრულებს, ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად ხერსონის ოლქის დაკავება და დამატებითი ტერიტორიების დაპყრობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუფერულ ზონად ან ვაჭრობის საგნად მოლაპარაკებებში”.